3:59 PM ზურაბ გურიელიძე ბრალდებებს „პრესა.ჯი“-სთან პასუხობს – "ცხოველების დახოცვა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია" | |
12:20 24.06.2015
[დავით ჯაბაშვილი]
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ირგვლივ სკანდალი გრძელდება! ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი" ზოოპარკის დირექტორს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მონაცემებზე დაყრდნობით, თანამდებობასთან წინააღმდეგობაში მყოფ ბიზნესსაქმიანობაში ადანაშაულებს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ზურაბ გურიელიძე შპს "პოსეიდონის სამყარო"-ს მეწილე პარტნიორია, რომელიც დაკავებულია წყალქვეშა ნადირობის ტურების გამართვითა და წყალქვეშა ნადირობისათვის განკუთვნილი იარაღის ვაჭრობით. „მოცემული ინფორმაციის შეფასების შემდეგ ჩნდება კითხვა: ზოოპარკის დირექტორს ზ. გურიელიძეს (ადამიანს რომელიც მუდმივად ცდილობს დაგვარწმუნოს რომ არის დაკავებული ცხოველთა გადარჩენით) რამდენად გააჩნია მორალური უფლება ეკავოს ზოოლოგიური პარკის დირექტორის პოსტი იმ დროს, როდესაც პარტნიორისა და მეწილის სახით არის ჩართული ბიზნესში, რომელიც დაკავებულია სანადირო იარაღის ვაჭრობითა და ნადირობის ტურების გამართვით. ბიზნესში, რომელიც ემსახურება ცხოველთა განადგურებას გართობისა და კომერციული მოგების მიზნით",- წერენ განცხადების ავტორები. „პრესა.ჯი“ ბრალდებების ადრესატს დაუკავშირდა. „პრესა.ჯი“: "პოსეიდონის სამყარო"-ს მეწილე პარტნიორი ბრძანდებით? "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი" აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია დაკავებულია წყალქვეშა ნადირობის ტურების გამართვითა და წყალქვეშა ნადირობისათვის განკუთვნილი იარაღის ვაჭრობით... ზურაბ გურიელიძე: დავიწყოთ იქიდან, რომ "პოსეიდონის სამყარო" არ არის ჩემს კუთვნილებაში არსებული კომპანია, როგორც ამას ზოგიერთები აცხადებენ. მე ვფლობ მხოლოდ 5 % - იან წილს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, განცხადების ავტორები მიზანმიმართულად მალავენ ამ კომპანიის საქმიანობას. ეს კომპანია ხელს უწყობს დაივინგის განვითარებას საქართველოში. მათ შორის არის წყალქვეშა ნადირობა. ესენი ცდილობენ ჩემი სახელი გააშავონ, თუმცა კომპეტენცია აკლიათ. არ იციან ჩვენი კომპანიის დანიშნულება და არც უნდათ გაიგონ. - ფაქტია, რომ ნადირობისას წყალქვეშა ცხოველებს ხოცავენ... - ცხოველების დახოცვა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ჩემო კარგო, ადამიანი ყოველგვარი აკვალანგის გარეშე მიცურავს, მას თან ერთი ისარი აქვს მხოლოდ. ნადირობის ეს ფორმა სრულიად დამზოგავია. ჩვენ ხელს ვუწყობთ, იმ ადამიანებს, ვინც ცხოველებზე ბრაკონიერობის გზით ნადირობენ, დაიკმაყოფილონ სურვილი წყალქვეშ, თან ყოველგვარი აკრძალული ნივთების გარეშე. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი რეკომენდაციას აძლევს მსგავს ნადირობის ფორმას, ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გადაამოწმოთ. - რას უკავშირებთ "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი"-ს განცხადებას? - ეს ორგანიზაცია გაბრაზებულია ჩვენზე, რადგან მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელების გამო გაძევებულ იქნა, ახლა შურისძიებას ცდილობენ. მეამაყება, რომ ვარ საქართველოში, ერთ-ერთი პირველი დაივინგ ცენტრის დამფუძვნებელი. დაივინგი კი არ არის მარტო წყალქვეშა ნადირობა, ის არის ერთ-ერთი პატარა პუნქტი და აქვე, ვეტყვი მონიტორინგის სამსახრს, რომ არც ერთი ნადირობა საქართველოში არ განხორციელებულა. პირადად მე ცხოვრებაში არ მინადირია არსად და პრინციპული წინააღმდეგი ვარ ნადირობის, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ ნადირობა ძალიან პოპულარულია, შესაბამისად, როცა დიდი მოთხოვნილება არის, მისი აკრძალვა შედეგს არ იღებს. მონადირეებმა უნდა მიიღონ საშუალება, რომელიც გაცილებით უფრო დამზოგავი იქნება ბუნებისათვის, წყალქვეშა ნადირობა სწორედ ეს გახლავთ. ადამიანი აკვალანგის გარეშე ჩადის ღრმად წყალში, მას ძალიან მცირე შანსი აქვს რომ რამე დააშავოს იქ. შეიძლება ერთი ან ორი თევზი მოკლას, რომელიც მიზერია იმასთან, რაც ხდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |