11:24 AM ვაკე–საბურთალოს ახალი გზის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება | |
ვაკე–საბურთალოს ე.წ. ახალი გზის აღდგენა და საყრდენი კედლის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოებს თბილისის მერია დაჩქარებულად, გამარტივებული წესით შეიძენს და მათზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია იმუშავებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
„ეს გზა აღდგება, რადგან გმირთა მოედანი მნიშვნელოვანი კვანძია და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვანია, აღდგენა უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში,“– განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, გზის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, როცა უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ, გაიწმინდება ვერეს ხეობა, გვირაბები, დამონტაჟდება ადრეული შეტყობინების სისტემა, ასევე დასრულდება წყნეთის 13–თან საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
იმის შესახებ, რომ „ახალი გზა“ აღდგება, ორი დღის წინ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ტრანსპორტის სამსახურმა ცალსახად თქვა, რომ თუ ამ გზას არ აღვადგენთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე ქალაქი დაიტვირთება, მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს და ვაკიდან საბურთალოსკენ, ან პირიქით გადაადგილებას მინიმუმ ერთი საათი დასჭირდება. “აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მოკლევადიანი პერიოდის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში კი უნდა განვახორციელოთ გზის გამაგრებითი სამუშაოები. ასევე გზის ერთ მონაკვეთზე, რომელიც ჩაწყვეტილია გაკეთდეს გაბიონები, რათა მოკლევადიან პერიოდში ამ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, თბილისის მერის განმარტებით, მის ფარგლებში გათვალისწინებულია ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება, ასევე ჩამონატანი მასალის თავიდან აცილების სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტილება და ასევე ის, რომ წყლის გატარების გვირაბული სისტემა შეიცვალოს ისეთი სისტემით, რომელიც წყალს უფრო თავისუფალი დინების საშუალებას მისცემს.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მთავრობა იძულებული გახდება, ვაკე–საბურთალის დამაკავშირებელი გზა სექტემბრამდე აღადგინოს. თუმცა პრემიერმა იქვე აღნიშნა, რომ ეს დროებითი ღონისძებაა იმ დრომდე, სანამ უფრო გრძელვადიანი ღონისძიებები გატარდება.
სტიქიის შემდეგ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, აღნიშნული გზის მშენებლობას თბილისელთა 55% ემხრობა. მხოლოდ 21%-ს მიაჩნია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მაგისტრალი გასაუქმებელია. მოსახლეობის 24%-ს გაუჭირდა ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.
კვლევა მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსმა (თი ენ ეს-ის (TNS) ექსკლუზიური ლიცენზიანტი სამხრეთ კავკასიაში) ჩაატარა.
ექსპერტების ნაწილი „ახალი გზის“ აღდგენას ეწინააღმდეგება. მაგალითად, არქიტექტორი გია აბულაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვაკე-საბურთალოს გზის ალტერნატივაზე უნდა იფიქროს.
„ტრაგედიას, რაც დაგვატყდა თავს, არავითარი პირდაპირი კავშირი იმ გზასთან, რომელიც არის გაყვანილი 5-6- წლის წინ, არ აქვს. უბრალოდ, ჩემი პოზიცია, როგორც არქიტექტორის ამ გზის მიმართ არის უარყოფითი. მე მიმაჩანია დაუშვებლად გზის მდინარის არტახებში მოქცევა. ეს არის მდინარე, რომელიც ნაკუწ-ნაკუწ არის გადახურული ამ გვირაბებით. მგონია, რომ ეს პროექტი ამ თვალსაზრისით არ ითვალისწინებდა და საერთოდ ბუნების მიმართ ჰქონდა არაკულტურული დამოკიდებულება. არასწორი დამოკიდებულება, რომელიც 21-ე საუკუნეში აღარსად არსებობს...
სატრანსპორტო საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ ის, როგორც არის გადაწყვეტილი, აღმოჩნდა, რომ არის ცუდად. სრულიად უგულებელყოფილია მდინარის ფაქტორი. ხეობას თავისი ხიბლი აბსოლუტურად დაკარგული აქვს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ასეთ სახიფათო არქიტექტურული გადაწყვეტა არის სახიფათო. ხომ შეიძლება, ეს ყოფილიყო მაშინ, როდესაც იყო პიკის საათი. წარმოგიდგენიათ მაშინ რა მოხდებოდა? ეს იქნებოდა საერთოდ უბედურება. ამიტომ მგონია, რომ გზა საინჟინრო თვალსაზრისით ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ ოთხმაგი დაცვის რეჟიმი მუშაობდეს. რაც უნდა დაემუქროს მდინარეს, იმ გზას არაფერი უნდა დაემართოს,”- აცხადებს აბულაძე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |