მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » „თუ გსურთ ბევრი ფული, წადით ბიზნესში. თუ გსურთ იმსახუროთ, იმსახურეთ პატიოსნად"
4:49 PM
„თუ გსურთ ბევრი ფული, წადით ბიზნესში. თუ გსურთ იმსახუროთ, იმსახურეთ პატიოსნად"

ოდესის ოლქის მილიციის ახლადდანიშნული უფროსი გია ლორთქიფანიძე პირობას დებს, რომ ოდესის მილიციას უკრაინელი კადრებით დააკომპლექტებს.

ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ოჯახის საქართველოში დატოვებისა და უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო, ის თავს უკრაინის პატრიოტად მიიჩნევს. მისი თქმით, ის ოდესის ოლქში წესრიგის დასამყარებლად ჩავიდა.

„ოდესის მილიციის ძირითადმა შემადგენლობამ ჩემი დანიშვნა დადებითად მიიღო. მე, ჩემთან ერთად, არცერთი ქართველი არ მომიყვანია. ახალი კადრების დანიშვნა უკრაინის მილიციის მოქმედი თანამშრომლებისგან მოხდება", - განაცხადა ლორთიფანიძემ.

ოდესის ოლქის მილიციის უფროსმა, ასევე, აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის, თუ რა იმედით უყურებს ოდესის ოლქის მოსახლეობა მის დანიშვნას და სწორედ ამიტომ, ის უკრაინელ პატრიოტებს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მხარდაჭერასა და დახმარებას სთხოვს.

ლორთქიფანიძემ ხელქვეითებს განუცხადა, რომ მას კარგად ესმის, თუ რა ძნელია ისეთ დაბალ ხელფასზე ცხოვრება, როგორიც მათ აქვთ, მაგრამ ეს არ ამართლებს კორუმპირებულობას.

„თუ გსურთ ბევრი ფული, წადით ბიზნესში. თუ გსურთ იმსახუროთ, იმსახურეთ პატიოსნად და ნუ შეურაცხყოფთ მილიციელების ავტორიტეტს“, - განუცხადა ლორთქიფანიძემ თანამშრომლებს.

მილიციის ახალმა უფროსმა მოსახლეობასაც მიმართა და პირობა დადო, რომ ის შეძლებს, ადამიანებს მილიციის მიმართ ნდობა დაუბრუნოს.

„ყველაფერი უცებ ვერ შეიცვლება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ მოსახლეობას მილიციის ნდობას დავუბრუნებ. ფული არავის არ მისცეთ. თუ ასეთი ფაქტი მოხდება, მომმართეთ პირადად მე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა თანამშრომელი, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კატეგორია: მსოფლიო | ნანახია: 621 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar