მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » რუსული კაპიტალი ონლაინსესხების კომპანიებში აქტიურად შედის
11:22 AM
რუსული კაპიტალი ონლაინსესხების კომპანიებში აქტიურად შედის

ონლაინსესხების კომპანიები დსთ–ს ბაზრების საზღვრებს გარეთ გადიან და გლობალურ ბაზრებს ითვისებენ.  ამასთან, ამ ბიზნესში ინვესტირებით რუსი ბიზნესმენები აქტიურად ინტერესდებიან.

 

 

 

vivus.ge–ს მსგავსად, რუსული კაპიტალი მონაწილეობს საქართველოში ცნობილ კიდევ ერთერთ ონლაინსესხების კომპანია moneyman.ge–ში. კომპანიის თანაინვესტორია რუსი ბიზნესმენი ვადიმ დიმოვი, რომელიც რუსეთში ძეხვის წარმოებასა და წიგნების მაღაზიათა ქსელ “რესპუბლიკას“ ფლობს. რუსული მედია წერს, რომ დისტანციური სამომხმარებლო დაკრედიტების აღნიშნული კომპანია, ესპანურ ბაზარზე გავიდა.

 

 

 

გასული წლის მაჩვენებლებით, ონლაინ–დაკრედიტების ესპანური ბაზარი 300–400 მილიონ ევროდაა შეფასებული. 

 

 

 

დიმოვმა მაისში MoneyMan–ში მორიგი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა პროექტის წამყვანი ინვესტორი Emery Capital–ი გახდა 6 მილიონი დოლარის ინვესტიციით. აღნიშნული კომპანია ინვესტიციებს დებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ სტარტაპებში, რომლებსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

 

 

 

MoneyMan-ის სერვისი უკვე მუშაობს ყაზახეთსა და საქართველოში. თუმცა მისი გლობალური ზრდა სწორედ ესპანეთიდან იწყება. 

 

 

 

კომპანიაში ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრებზე გასვლა, სადაც მოსახლეობა რუსულად საუბრობს და რუსულის მსგავსი ქცევის მოდელი აქვს, მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთ ევროპის ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისგან. მომავალი ექსპანსიისთვის კომპანია სწავლობს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბაზრებს. ევროპაში მას აინტერესებს ბულგარეთი და რუმინეთი, ასევე მიდის პარტნიორების ძებნა ბრაზილიაში.

 

 

 

MoneyMan-ი 2011 წელს დაარსდა პროფესიონალი ფინანსისტების ბორის ბატინისა და ალექსანდრ დუნაევის მიერ. 

 

 

 

რამდენიმე თვის წინ „კომერსანტი“ წერდა, რომ ონლაინ–სესხების კომპანია vivus.ge–ს მფლობელი რუსი მილიარდერი ოლეგ ბოიკო 2015 წელს გეგმავს საკუთარი კომპანია ამ სფეროში მსოფლიო ლიდერად აქციოს.

 

 

 

მან 2012 წლის დასაწყისში „სწრაფი კრედიტების“ ლატვიური კომპანიის 4finance–ის 75% შეიძინა. სწორედ „4Finance“-ის ბრენდია Vivus.ge.

 

 

 

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქტორის ზურაბ კუკულაძის შეფასებით, საქართველოში ონლაინკრედიტების პოპულარობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველ რიგში საუბარია, ფინანსური სერვისების მოხმარების საკმაოდ დაბალ კულტურაზე, როდესაც ადამიანები ისე იღებენ გარკვეულ ვალდებულებებს, რომ არ იაზრებენ აღნიშნული ვალდებულების დაფარვის პირობებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანაში არსებული მწვავე სოციალური ფონი, რის გამოც ადამიანები იძულებულნი არიან ისარგებლონ უძვირესი პროდუქტით; მესამე და ასევე მთავარი ფაქტორია, ზოგადად, საფინანსო სერვისების ნაკლოვანებები, რასაც პირველ რიგში ფინანსური ინსტიტუტების მიმართ შედარებით რბილი რეგულაციები და ხშირ შემთხვევაში ერთგვარი საკანონმდებლო ხვრელები განაპირობებს.

 

 

 

„ეს არის ის მთავარი მახასიათებლები, რითაც მიკროკრედიტების მოხმარების კუთხით, საქართველო ძალიან ჰგავს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, რაც შეეხება რუსული კაპიტალის მონაწილეობას მსგავს პროექტებში, რუსი ბიზნესმენებისთვის საკმაოდ „გასაგები“ და „მისაღებია“ ბიზნესი, რომელიც კლიენტების პრობლემური კატეგორიისთვის „მაცდუნებელი“ ფინანსური წინადადებების შეთავაზებას ემყარება“, - აცხადებს  კუკულაძე.

 

 

 

ონლაინ კომპანიები ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სესხებს შედარებით გამარტივებული პირობებით და მეთოდებით გასცემენ, რაც ამ ბაზარს უფრო მომხიბვლელს ხდის. აღნიშნული კომპანიების მხრიდან სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და მაგალითად, 200 ლარის შემთხვევაში შესაძლოა ეფექტურმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 300 პროცენტსაც მიაღწიოს.

 

 

 

ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები სამართლებრივად შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებად არიან დარეგისტრირებულნი და ეროვნული ბანკის რეგულირების სივრცეში არ ხვდებიან.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 650 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar