ვერეს ქრონიკის აქამდე უცნობ ინფორმაციებსა და დაფარულ მასალებზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საგამოძიებო ფილმი „ვინ შეუკვეთა მკვლელობა ვერეს?“ მოამზადა.
როგორც „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმიდან ირკვევა, მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კანალიზაციის დროებითი კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა, რომლის ქვედა წელში მოხალისეები იდგნენ და გამწმენდ და აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.
„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაზე აღბეჭდილია მდინარე ვერეში ჩაშვებული კანალიზაციის ღია კოლექტორი, რომელიც წყნეთის ქუჩიდან ვერეზე გადადიოდა და მიმდებარე ტერიტორიის შენობებიდან გამომავალი საკანალიზაციო მილების ნაკადებს კრებდა.
„მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ისე, როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, არავის მიუწოდებია. გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არქონამ კი, ქვეყანაში ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დღეების განმავლობაში, ადამიანებით სავსე ვერეში კანალიზაციის კოლექტორის ჩაშვება რა რისკს შეიცავს“, - ნათქვამია ფილმში.
„გამომძიებელი რეპორტიორი“ დაუკავშირდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელსაც დედაქალაქის წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მართვა და კონტროლი ევალება.
როგორც ფილმიდან ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს კანალიზაციის ღია კოლექტორის ვერეში ჩაშვების ფაქტი და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა.
„სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ გარემოსა და ჯანდაცვის სისტემაში პრევენციაზე მომუშავე სამსახურებისთვის, არც დაავადებათა ეროვნული ცენტრისთვის, არც ჯანდაცვის სხვა სამსახურებისთვის. ეს კი მაშინ, როცა ქალაქს არ აქვს ცენტრალიზებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ექნებოდა შეაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება, მსგავსი შემთხვევების დროს განეხორციელებინა სანიტარული ზედამხედველობა, შეექმნა ინფორმაციული ბაზა და განესაზღვრა ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება, ყოველგვარ მიზანშეწონილობას მოკლებული ქმედებაა“, - ნათქვამია ფილმში.
|