11:24 AM რაბათის განვითარების მეორე ეტაპი გაურკვეველი ვადით გადაიდო | |
რაბათის უბნის განვითარების მეორე ეტაპი, რომელიც დამატებითი ტერიტორიის კეთილმოწყობასა და აბანოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული და ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, პროცესის დაწყების ვადები ამ დრომდე უცნობია.
ვერც რაბათის ციხის დირექტორი და ვერც ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „კომერსანტთან“ საუბარში ვერ ასახელებს პროექტის დაწყების ვადებს და ვერც იმას, რა თანხა დაჯდება ეს სამუშაოები.
რაბათის ციხის განვითარების მეორე ეტაპის დაწყება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააანონსა, მათ შორის 2014 წლის მაისში.
ისტორიული უბნის რეაბილიტაციის განვითარების გეგმებს ადგილობრივები იმედით შეხვდნენ.
მათი თქმით, უბნის ნაწილი რთულ მდგომარეობაშია, გზები მოუწესრიგებელია, საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ავარიულია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.
მოსახლეობის განცხადებით, უბნის რეაბილიტაცია ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, ასევე მოგვარდება გზების პრობლემა. მათი თქმით, რეაბილიტირებული ნაწილის გარდა, რაბათის უბანში ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ სასწრაფოსაც კი უჭირს მისვლა. ისინი რეაბილიტირებული რაბათის მოუვლელობაზეც საუბრობენ.
მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, განსაკუთრებით რთული ვითარებაა წვიმის დროს. მოსახლეობის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ტურისტი ჩადის და რაბათის რეაბილიტირებული ნაწილის იქით „სანაგვე“ ხვდება.
სამცხე ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე 2013 წელს აღნიშნავდა, რომ აბანოების რეაბილიტაციისთვის საპროექტე დოკუმენტაციების შეძენა მათ მიერ მოხდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ პროექტი არ გააგრძელა.
„კომერსანტს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეხება. სააგენტოში განმარტავენ, რომ რაბათის ციხის ინფრასტრუქტურა ჯანსაღია და ძეგლი არ არის კრიტიკულ სიტუაციაში. შესაბამისად, ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამაში არ შედის.
ინფორმაციას, თუ როდის იგეგმება რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება, არც ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი ფლობს.
„კომერსანტთან“ საუბარში ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ პროექტის განხორციელება კვლავ დგას დღის წესრიგში, და ერთადერთი პრობლემა თანხების მოზიდვაა. დეპუტატის ინფორმაციით, საბოლოო პროექტი არ არსებობს, მაგრამ მზადაა მონახაზი და თანხების მობილიზების შემთხვევაში პროექტის გამზადება არ იქნება.
„პროექტის ფარგლებში, მოხდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება ადგილობრივთა საცხოვრებლებს. 2012 წლის სამუშაოები 9 თვე გაგრძელდა, მეორე ეტაპი კი ორ წელიწადში ვერ დასრულდება, რადგან პროექტი მასშტაბურია. 2012 წლის შემდეგ რაბათში არაფერი გაკეთებულა. ტურისტების ინტერესი კვლავ მაღალია, თუმცა არ ხდება რაბათის რეკლამირება, გაიხსენეთ, რომელიმე რეკლამაში გინახავთ რაბათის ციხე?“ – აღნიშნავს ჩიტაშვილი, თუმცა მთავარ შეკითხვაზე – როდის დაიწყება პროექტის განხორციელება, პასუხი არ აქვს.
ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2012 წელს, წინა ხელისუფლების მიერ განხორციელდა. ამავე პერიოდში იგეგმებოდა რაბათის განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებაც, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცესი შეფერხდა.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, 15 ივნისის მონაცემებით, მან 39,5 ათასი ადამიანი შეადგინა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი რაბათს 38 ათასამდე ადამიანი ეწვია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |