მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » "მარიამს და ივლიტას გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, ვერტმფრენს არავინ გაუგზავნიდა"
11:59 AM
"მარიამს და ივლიტას გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, ვერტმფრენს არავინ გაუგზავნიდა"

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 19 ადამიანია გარდაცვლილი. მთავრობის წინასწარი მონაცემებით, ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა კუდავა თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ საკმაოდ ვრცელ პოსტს წერს და ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს:

"ვერტმფრენს გამომიგზავნი?

13 ივნისი. 23სთ 36წთ. 24 წლის მარიამ ქუთელია წერს მეგობარს: ივლიტა რომ განახა, სად ცხოვრობს, შეიძლება მდინარემ წაგვიღოს. მართლა ოღონდ. აქ ვართ ჩარჩენილები. მოვწყდით სამყაროს. ვერტმფრენს გამომიგზავნი? ივლიტამ გადაიხედა და ხე წაიღო. მომისწრებს ეგ შენი ვერტმფრენი?

23სთ 56 წუთზე კავშირი გაწყდა, მარიამი და თანატოლი მეგობარი ფეხმძიმე ივლიტა ჯიბუტი [*ივლიტა ჯიბუტის ოჯახის წევრების თქმით, იგი ორსულად არ ყოფილა] სახურავზე ავიდნენ. იქ ერთი საათის განმავლობაში შველას ელოდებოდნენ. 14 ივნისი, დაახლოებით 1-2 საათი. წყალმა წაიღო სახურავი და ორივე გოგო დაიღუპა.

ამასობაში:
ივნისი, 2010. 3 ევროკოპტერის ყიდვის კონტრაქტის ხელმოწერა
, ორმაგი სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულებით. მსოფლიოში საუკეთესო მახასიათებლები: სამაშველო ოპერაციები და ტრანსპორტირება ღამის ხედვით, წვიმაში, ძლიერ ქარში, ქალაქში, მთაში, წყალზე. სექტემბერი, 2013. ივანიშვილი: სააკაშვილს ორი ვერტმფრენი ემსახურება. ორივე მათგანი მხოლოდ ერთ ადამიანზეა მორგებული. ჩვენ ჩამოყვანა არ გვინდოდა ამ ევროკოპტერების და ვერ გავყიდეთ, ადგილზევე დავტოვეთ საფრანგეთში. მაგრამ იქ შენახვა ძვირი გვიჯდებოდა და ჩამოვიყვანეთ. სამაგიეროდ ვცდილობთ იაფად აღვადგინოთ ძველი (რუსული) ვერტმფრენები.

სექტემბერი, 2013. პრეზიდენტი სააკაშვილი: საქართველოს ახლა ჰაერივით ჭირდება ვერტმფრენი. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა, ახლა ვიყავი მთაში, იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არა ჰყავს, რომელიც ავა და, მაგალითად, გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს ან პოლიცის ნაწილს.

სექტემბერი, 2013. ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, ვერტმფრენების გაყიდვა ვერ მოხერხდა. შესაძლოა მოინახოს მათი დანიშნულება ქვეყნის შიგნით. სასაზღვრო ძალებისა და ასევე შიდა მოხმარებისთვის. უფრო დაბალფასიანი გაცილებით მეტი ვერტმფრენის შეძენა შეიძლება. ეს არის, რაც ჩვენ დაგვხვდა და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, ალბათ, ამ ვერტმფრენებს ქვეყნის შიგნით მოვიხმართ. ჩვენ გვინდოდა, რომ ისინ გაგვეყიდა და ამ ფულით გვეყიდა რაოდენობით უფრო მეტი ვერტმფრენები, რათა გადაგვეცა ჯანდაცვის სექტორისთვის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროსთვის.

ნოემბერი, 2014. პრემიერი ღარიბაშვილი: ჩვენდა სასირცხვილოდ პრეზიდენტი სააკაშვილი 40 მილიონად ყიდულობდა 2 ვერტმფრენს საკუთარი საჭიროებისთვის. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ მესაზღვრეებს არ ყავდათ ვერტმფრენები. ჩვენ დროს სრულად გარემონტდა (რუსული) ვერტმფრენები, აღიჭურვა ტექნიკით და ამაში დამატებით დაიხარჯა 7 მილიონი ლარი.

22 ივნისი, 2015. თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი: დავუშვათ, გვყავს სამაშველო ევროკოპტერი, მერე? არ ვარგოდა ის ვერტმფრენები სამაშველო სამუშაოებისთვის, იქ ძვირადღირებული ვისკის ჭიქები იყო და გადაკეთება სჭირდება. ერთი ევროკოპტერი ცელოფნებში გახვეული ვნახე.

23 ივნისი, 2015. შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური: "სუპერ პუმას" ტიპის ფრანგული ვერტმფრენები ორ წელიწადზე მეტია უძრავად დგას და შემოწმება სჭირდება. 

ვერტმფრენები გადაცემულ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და გამოიყენება სამაშველო სამსახურისთვის. 23 ივნისი, 2015 თავდაცვის სამინისტროს განცხადება: შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ

ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი. რაც შეეხება ზოოპარკისა და მზიურის რაიონებს, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ.

24 ივნისი, 2015. თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი: ვინმეს თუ აქვს მაზოხისტური მოთხოვნილება, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო იმ დღეს და მსხვერპლი გაცილებით მეტი ყოფილიყო, ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. არ ვისურვებდი შსს-ს ადგილზე ყოფნას, იმ ხარჯიდან გამომდინარე, რაც ნებისმიერი ტიპის სამაშველო და პოლიციური მისიის შესრულებისას მოუწევს გაიღოს უწყებას ამ ევროკოპტერებისთვის. ამ ქრონიკიდან კარგად ჩანს, რომ ამ მთავრობის პირობებში მარიამს და ივლიტას გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ - ვერტმფრენს არავინ გაუგზავნიდა (შესაძლოა სხვა დაღუპულებიც იყვნენ სახურავზე, არ ვიცი).

პ.ს. ინფორმაციისთვის: მაშინ, როცა "საქართველოს ევროკოპტერების ქონის ფუფუნება არ შეიძლება ჰქონდეს" (ივანიშვილი), მას საკუთარი ევროკოპტერი უკვე 10 წელია ჰყავს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ივანიშვილთან კარიერა სწორედ ფრანგული ვერტმფრენის შეძენით დაიწყო", - წერს კუდავა.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 750 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar