მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე თბილისის ზოოპარკის წარმატებულ საქმიანობაზე წერს
5:48 PM
ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე თბილისის ზოოპარკის წარმატებულ საქმიანობაზე წერს

ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე საიმონ ტონგი თბილისის ზოოპარკის წარმატებულ საქმიანობაზე წერს. 
როგორც ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე საიმონ ტონგი აღნიშნავს, 2010 წლის ოქტომბრიდან თბილისის ზოოპარკი "ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) წევრობის კანდიდატია. "ასოციაციის წევრობის პროგრამის კანდიდატად წარდგენა EAZA-ს ინიციატივით ხდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ზოოპარკებთან თანამშრომლობას ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, საქმიანი პრაქტიკის, განათლების, კონსერვაციისა და კვლევების სტანდარტების გასაუმჯობესებლად. იმ სტანდარტების მისაღწევად, რომელთაც ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი უნდა აკმაყოფილებდეს, ორგანიზაციის წევრობის კანდიდატები თანამშრომლობენ EAZA-ს მენტორთან, რომელიც, როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ზოოპარკის გამოცდილი დირექტორია", - აღნიშნულია წერილში. 
მისივე ინფორმაციით, წევრობის კანდიდატობის პერიოდში თბილისის ზოოპარკმა, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით, განვითარების პროცესში დაამტკიცა კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება. EAZA-ს მენტორის მიერ აღინიშნა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარება, ცხოველთა კეთილდღეობისა და ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. 
"დირექტორმა გურიელიძემ და მისმა თანამშრომლებმა აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე სტიქიასთან გამკლავებისას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას და დაუღალავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ აღმოეჩინათ და უსაფრთხოდ დაებრუნებინათ ცხოველები ზოოპარკში. EAZA-ს მენტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოოლოგიური ინსტიტუტისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამგვარი დამანგრეველი ძალის მქონე სტიქიის წინასწარ განჭვრეტა და ზუსტი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
EAZA-ს მტკიცედ სწამს, რომ საუკეთესო ზოოპარკებსა და აკვარიუმებს თავისი წვლილი შეაქვთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა გააზრებულად იმოქმედონ გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების დასაცავად. თბილისის ზოოპარკის წარმატებული საქმიანობის საუკეთესო დასტურია ის ასობით მოხალისე, რომელიც ამ მძიმე დღეებში ზოოპარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში იღებდა მონაწილეობას. EAZA დარწმუნებულია, რომ თბილისისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება ზოოპარკის აღდგენა. თბილისის ზოოპარკს ზურაბ გურიელიძის, როგორც ჩვენი ასოციაციის პარტნიორის, ხელმძღვანელობით, აქვს იმ სტანდარტების მიღწევის პოტენციალი, რომელთაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს. გვჯერა, რომ თბილისის ზოოპარკი კვლავაც შეძლებს დამთვალიერებლისთვის და მომავალი თაობებისთვის სიხარულის მინიჭებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას", - წერლს საიმონ ტონგი.
 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 583 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar