აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ საფრანგეთის პირველი პირი, ფრანსუა ოლანდი დაარწმუნა, რომ ფრანგი ლიდერები ამერიკული სპეცსამსახურების თვალთვალის ობიექტები აღარ არიან. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება.
"ვიკილიქსმა" გუშინ გაავრცელა საიდუმლო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური 2006-2012 წლებში ფრანსუა ოლანდისა და მისი ორი წინამორბედის - ნიკოლა სარკოზისა და ჟაკ შირაკის სატელეფონო საუბრებს ისმენდა.
მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი საფრანგეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. "როგორც ჩვენ ვიცით, ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით სატელეფონო საუბრების მოსმენას საერთო არაფერი აქვს მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების ლიდერების საუბრების მოსმენასთან. მე ვთხოვე აშშ-ის ელჩს სასწრაფოდ პასუხები გაეცეს ამ ქმედებას", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა.
მომხდარის შემდეგ კომენტარი გააკეთეს თეთრ სახლში. თუმცა, პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა მაქსიმალურად თავი აარიდა საფრანგეთის ლიდერების საუბრების მოსმენების შესახებ განმარტების გაკეთებას და ყურადღება ტერორიზმის საფრთხეებზე გაამახვილა.
|