სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში 24-27 ივნისს, ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელზეც საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, ელჭექის დროს კი, ქარის შკვალური გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა, ზოგიერთ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.
შეხვედრის მონაწილეებმა 24-27 ივნისს, ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა შეიმუშავეს.
შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, „112“-ის, თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|